აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

შარშან დაწყებული აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა წელსაც გრძელდება. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის მიმდინარეობას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ“-ის დირექტორთან - ლევან გიორგაძესთან ერთად გაეცნო.

საწვავის  ბარათების გაცემა დისტანციურად ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებით ხდება, ფერმერებს ასევე შეუძლიათ ფასდაკლების ბარათები სოფლის განვითარების  სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებში მიიღონ.

5 თებერვლის მონაცემებით ელექტრონული რეგისტრაცია 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა.  

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის გაცემა  ხორციელდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით – გაიცემა არაუმეტეს 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით –  დამატებით 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დარჩენილი რაოდენობა.

ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია  საქართველოს მასშტაბით მოქმედ  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“  89 ბენზინგასამართ სადგურზე,  ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.

0