აგროდიზელის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება

ფერმერებისთვის 2020 წელს ამოქმედებული, აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ფერმერების დიზელის საწვავს მნიშვნელოვანი შეღავათებით შეიძენენ.

პროგრამაში რეგისტრაცია 1 თებერვალს დაიწყო, ფასდაკლების ბარათები კი, 7 თებერვლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის – ლევან დავითაშვილის და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორის – ლევან გიორგაძის გარდა, ხელმოწერის პროცესს ესწრებოდნენ “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი – მაჰირ მამედოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი. 

2020 წელს აგროდიზელის პროგრამით 125 000-მა ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შეღავათი მიიღეს. პროგრამის გაგრძელების გარდა, უმჯობესდება მომსახურების ხარისხიც. ფერმერებს აღარ მოუწევთ ბენზინგასამართ სადგურებზე ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტების წარდგენა და ამიერიდან, ელექტრონული აპლიკაციით სარგებლობა შეეძლებათ. 

აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

საწვავის ბარათების გაცემა განხორციელდება დისტანციურად ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge საშუალებით, ფერმერებს ასევე შეეძლებათ ბარათები სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.